უკრაინის დახმარების ლოგისტიკური ცენტრის დასაზღვევად NASAMS-ის ტიპის ნორვეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში განალაგეს.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად ასევე გაიგზავნა მრავალფუნქციური F-35-ის ტიპის გამანადგურებლები. მანამდე, 6 დეკემბერს, ნორვეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადამტანი გემი Finlandia Seaways საღამოს ნორვეგიაში კარმსუნდის სრუტეში გაიჭედა, თუმცა, სისტემა სათადარიგო გემით დანიშნულ ადგილზე ჩავიდა.
მისია, რომელიც NATO-ს ხელმძღვანელობით პოლონეთში მიმდინარეობს, სავარაუდოდ, აღდგომამდე გაგრძელდება. გამანადგურებლებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ჟეშუვში განლაგდება 100 ნორვეგიელი ჯარისკაციც. ასევე ცნობილია, რომ იანვარში პოლონეთში გერმანული Patriot-ის კომპლექსების განლაგებაც იგეგმება, ჟეშუვის დაცვის გაძლიერებისთვის.





