21 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, სანაცვლოდ პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებაზე გაამახვილებს.
პრემიერმინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. ინტერვიუში ტელეარხ TVN24-თან ქვეყნის პირველმა პირმა ასე ილაპარაკა:
"პრემიერმინისტრის სიტყვები ძალიან არასწორად აღიქვით. ჩემი აზრით, პრემიერმინისტრმა იგულისხმა: ჩვენ არ ვაპირებთ, უკრაინას მივცეთ ახალი იარაღი, ის იარაღი, რომელსაც ახლა პოლონური ჯარისთვის ვყიდულობთ".
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახლო მომავალში პოლონეთი კონტრაქტის საფუძველზე უკრაინას Krab-ის სისტემის საარტილერიო დანადგარებს და ჭურვებს მიაწვდის. დუდა არ გამორიცხავს, რომ ახალი იარაღის შეძენის შემდეგ, ძველი უკრაინას გადასცენ.
ომის დაწყებიდან დღემდე პოლონეთმა უკრაინას 3 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა.
უკრაინასა და პოლონეთს ურთიერთობა მარცვლეულის ემბარგოს გამო ბოლო რამდენიმე თვეა დაეძაბათ.