პრიგოჟინის ამბოხება

რუსული Telegram-არხების მტკიცებით, ძალოვნებმა პრიგოჟინის პარიკიანი ფოტოები გაჟონეს

რუსული ტელეგრამ-არხები ირწმუნებიან, რომ რუსულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მედიებისთვის გაჟონეს ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩანს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც სხვადსხვა პარიკსა და ხელოვნურ წვერშია გამოწყობილი.

დამოუკიდებელი წყაროებით, ამ დრომდე შეუძლებელია ფოტოების ავთენტურობის დადგენა. 

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია Meduza წერს, თავდაპირველად ეს ფოტოები კრემლთან დაკავშირებულ ანონიმურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. ასევე ვარაუდობენ, რომ პრიგოჟინი ამ პარიკებს აფრიკასა და სირიაში კსკ ვაგნერის საქმიანობის ფარგლებში იყენებდა.

თავდაპირველად, გასულ დღეს, 5 ივლისს რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა მედია Россия 1-მა გაავრცელა ევგენი პრიგოჟინის სახლის ჩხრეკის კადრები. კადრებში ჩანდა ყუთებში ჩაწყობილი კუპიურები, ცეცხლსასროლი იარაღი, კერძო ვერტმფრენი, პარიკები და ყალბი პასპორტები.

ასევე, სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ევგენი პრიგოჟინის სახლის სხვა დეტალებიც ჩანს, მათ შორის მოჭრილი თავების ფოტო, რომელიც ჩარჩოშია ჩასმული, დიდი ურო (ურო ვაგნერის დანაშაულების სიმბოლოდ იქცა), სამხედრო ფორმა, რომელზეც ორდენებია ასხმული, პირადი სამედიცინო პალატა და ა.შ. ამას გარდა, ნაპოვნ ნივთებს შორის არის ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის გმირის წოდება 2022 წლის 20 ივნისს მიიღო. 2022 წლის ზაფხულში არაოფიციალურად გავრცელდა ცნობა, რომ პრიგოჟინი რუსეთის ფედერაციის გმირად გამოცხადდა.

ამასთანავე, დღეს, 6 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინი ამჟამად რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში იმყოფება. 


როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

კომენტარები