რუსული კანონი

რუსული კანონით პირი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ₾5 000-ით ჯარიმდება

რუსულ კანონის საბოლოო ვერსია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ფიზიკური პირების 5 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. 

მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებში მოცემული ჩანაწერები ნებისმიერ პირს, ორგანოს, ორგანიზაციას ან დაწესებულებას იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის  გამოთხოვილი პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის საიდუმლოებების, გადაცემას ავალდებულებს. 

ეს მუხლები ეხება უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად რეგისტრაციასა და მის გაუქმებას, ყოველწლიურ საფინანსო დეკლარაციასა და მონიტორინგის პროცესს.

"(რედ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს) უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული 5 ინფორმაცია". - წერია რუსული კანონის მე-4, მე-6 მუხლებში, მე-7 და მე-8 მუხლებში.

დაჯარიმების პროცედურას რუსული კანონის მე-9 მუხლი ითვალისწინებს. 

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით". - წერია რუსულ კანონში.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად იურისტმა საბა ბრაჭველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისივე თქმით, რუსული კანონს ქართულმა ოცნებამ ეს ცვლილებები ჩუმად მიამატა.

"რუსულ კანონზე ხელისუფლების უდიდესი ტყუილი გემახსოვრებათ - კანონი ფიზიკურ პირებს არ შეეხებაო. სინამდვილეში, ხელისუფლებამ კანონში ჩუმად, მეორე პლენარული სხდომის ოქმის შენიშვნით, უკვე ჩაემატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება. [...] იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც; იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ - მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის; ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს; ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას." - წერს ბრაჭველი.

კომენტარები