რუსული კანონი

მაკალისტერი, კალიურანდი და მიკსერი ევროკომისიას: გადაიხედოს EU-საქართველოს ურთიერთობა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ მორიგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური აგენტების კანონის" მიღების გამო. ძლიერ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ ადამიანის უფლებების მეთვალყურე ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ და ევროკავშირის, შეშფოთებები უარყო. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას კანონი უკან წაიღოს, სანამ ეს ქართველი ხალხის უფრო მეტად გახლეჩას გამოიწვევს და უფრო მეტად დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს". - წერენ ევროპარლამენტარები განცხადებაში.

ამასთანავე, ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას დეესკალაციისა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

საბოლოოდ, განცხადებაში ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას მოუწოდებენ, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობას, მათ შორის ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებასაც.

ამას გარდა, ისინი ევროკომისიას მოუწოდებენ, "უცხოური აგენტების კანონთან" დაკავშირებით ევროპულმა კომისიამ მყისიერი სიტყვიერი შეფასება გააკეთოს.

კომენტარები