გამოცემა CNN-მა მოიპოვა 2016 წლის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს შონ "Diddy" კომბსი [Puff Daddy], იმ დროს მის მეგობარ გოგოზე, კასანდრა ვენტურაზე [Cassie].
ვიდეოში, რომელიც გამოცემის ცნობით 2016 წლის 5 მარტით თარიღდება და ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროშია ჩაწერილი, ჩანს რომ ვენტურა ოთახიდან გადის და ლიფტთან დგება, მოგვიანებით კი ოთახიდან Diddy გამორბის, რომელიც ქალს თავს ესხმის და ძირს აგდებს. ამის შემდეგ რეპერი მეგობარ გოგოს კიდევ ერთხელ ურტყამს, მისივე ნივთებს იატაკიდან იღებს და ძირს, უმოქმედოდ დავარდნილ ვენტურას კვლავ ესხმის თავს.
ვიდეოში ჩანს, რომ მოგვიანებით ვენტურა წამოდგომას ახერხებს და ტელეფონთან მიდის, თუმცა Diddy კვლავ ბრუნდება და მას თავს ესხმის. რამდენიმე წამში, რეპერი ჯდება და მეგობარი გოგოს მიმართულებით მაგიდიდან აღებულ ნივთს ისვრის.
2023 წელს რეპერი გაუპატიურებაში ორმა ქალმა დაადანაშაულა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მეგობარი გოგო და მომღერალი კასანდრა ვენტურაა.
ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.
საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.
მეორე მბრალდებლის მიხედვით, შემთხვევა 1991 წელს, ნიუ-იორკში მოხდა. ქალი იხსენებს, რომ რეპერი რესტორანში შეხვდა, შემდეგ ნარკოტიკებით დაათრო და სასტუმროში წაიყვანა, სადაც გააუპატიურა. მისივე თქმით, მოგვიანებით გაიგო, რომ კომბსმა მისი გაუპატიურების ვიდეო გადაიღო, რომელიც რამდენიმე ადამიანმა ნახა.
კომბსის წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.