პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა – პესკოვი

ევგენი პრიგოჟინი
РИА

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება და ის ბელარუსში წავა.

აღძრული იყო საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით.

აქამდე გავრცელდა ცნობა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტსა და მოქირავნეების ჯგუფს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობდა.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში გაიყვანს. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება "გეგმის მიხედვით" მიიღეს.

ვლადიმირ პუტინი პირობას დებდა, რომ მოსკოვის მოქმედებები ხისტი იქნებოდა და ყველა დამნაშავე გარდაუვალ სასჯელს მიიღებდა.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრებოდა. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

ვლადიმირ პუტინმა მოვლენებს ღალატი, აჯანყება უწოდა და 1917 წლის მოვლენებსაც შეადარა. ის პირობას დებდა, რომ დამნაშავეებს დასჯიდა.

კომენტარები