რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
მან მიმართა მოქალაქეებს, სამხედროებსა და მათაც, ვინც "მოტყუებით ან დაშნებით ჩაითრიეს დანაშაულებრივ ავანტიურაში, უბიძგეს უმძიმესი დანაშაულისკენ - შეიარაღებული აჯანყებისკენ".
პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი რუსი ხალხის ბედს წყვეტს და ის ყველა ძალის ერთიანობას, კონსოლიდაციას ითხოვს და გვერდზე უნდა გადადონ ყველა განხეთქილება, რომლითაც მტერს სარგებლობა შეუძლია.
"მაშასადამე, ქმედებები, რომლებიც ჩვენს ერთობას ხლეჩს, ფაქტობრივად, არის განდგომა საკუთარი ერისგან, საბრძოლო ამხანაგებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან. ეს არის ზურგში დარტყმა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის". – თქვა პუტინმა.
პუტინმა მოვლენები 1917 წლის რევოლუციას შეადარა.
"სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, როცა პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა". – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, 1917 წლის რევოლუციით პოლიტიკური ავანტიურისტები და საზღვარგარეთის ძალები სარგებლობდნენ და მსგავსი შემთხვევის განმეორებას ის არ დაუშვებს.
პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს საშინაო ღალატი უწოდა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს თავად რუსი ოლიგარქის სახელი არცერთხელ ახსენა. მან აღნიშნა, რომ საქმე აქამდე პირადი ამბიციების გამო მივიდა.
"ის, რის წინაშეც ახლა ვართ, სწორედ ღალატია. გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ღალატამდე მიგვიყვანა. უღალატეს როგორც საკუთარ ქვეყანას, ისე საკუთარ ხალხსა და იმ საქმეს, რომლისთვისაც ჩვენს სხვა დანაყოფებთან და ქვედანაყოფებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ და იღუპებოდნენ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები და მეთაურები. გმირები, რომლებიც ათავისუფლებდნენ სოლედარსა და არტიომოვსკს (ბახმუტი), დონბასის ქალაქებსა და დასახლებებეს, იბრძოდნენ ნოვოროსიისთვის და სიცოცხლეს წირავდნენ მას, რუსული სამყაროს ერტიანობისთვის. მათ სახელებსა და დიდებას ასევე უღალატეს მათ, ვინც ამბოხის მოწყობას ცდილობს, უბიძგებს ქვეყანას ანარქიისკენ და ძმათაკვლისკენ, საბოლოო ჯამში კი დამარცხებისკენ და კაპიტულაციისკენ". – თქვა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი არეულობა მომაკვდინებელი საფრთხეა. მისივე თქმით, მოსკოვის ქმედება ხისტი იქნება და აჯანყებაში ყველა დამნაშავე გარდაუვალ სასჯელს მიიღებს და პასუხს აგებენ კანონისა და ხალხის წინაშე. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ და ძალოვანმა ორგანოებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს.
"ვიმეორებ, ნებისმიერი საშინაო არეულობა არის მომაკვდინებელი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის. ეს დარტყმა არის რუსეთზე, ჩვენს ხალხზე და ჩვენი ქმედებები, ასეთი საფრთხისგან სამშობლოს დასაცავად, იქნება ხისტი. ყველა, ვინც გააზრებულა დადგა მოღალატეობის გზაზე, ვინც ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას, დაადგა შანტაჟისა და ტერორისტული მეთოდების გზას, მიიღებენ გარდაუვალ სასჯელს, პასუხს აგებენ კანონისა და ხალხის წინაშე.
შეიარაღებულმა ძალებმა და სხვა სახელმწიფო ორგანოებმა მიიღეს საჭირო ბრძანებები, ამჟამად მოსკოვში, მოსკოვის ოლქში, რიგ სხვა რეგიონში ტარდება დამატებითი ანტიტერორისტული სახის ზომები. ასევე მიღებული იქნება გადამწყვეტი მოქმედებები როსტოვის დონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ის (ვითარება) რთულად რჩება, ფაქტობრივად დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო სამმართველო ორგანოების მუშაობა". – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, ის ქვეყნის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
"ის ვინც სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა, ვინც ხელი აღმართა საბრძოლო ამხანაგებზე, რუსეთს უღალატეს და პასუხს აგებენ". – თქვა პუტინმა.
პუტინმა ვაგნერელებსა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მოქმედებებში მონაწილეობა შეწყვიტონ.
23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.
"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".
პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.
მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.