რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ელჩი გერმანიაში: სანამ იარაღის მიწოდებაზე ყოყმანობდით, რუსეთი ხალხს ხოცავდა

Lichtgut/Achim Zweygarth

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა Twitter-ზე ბერლინი უკრაინისთვის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა. მან გუშინ, 23 აპრილს ოდესაზე საჰაერო თავდასხმისას დაღუპული დედა-შვილის ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გერმანიის ყოყმანი იარაღის მიწოდებაზე რუსეთს ქალებისა და ბავშვების ყოველდღე ხოცვის შესაძლებლობას აძლევს. 

"სანამ 8 კვირა ყოყმანობდით უკრაინისთვის მძიმე თანამედროვე გერმანული იარაღის მიწოდებაზე, მანამდე რუსეთს საშუალება ჰქონდა, ყოველდღე დაეხოცა ქალები და ბავშვები. ისევე, როგორც ეს ახალგაზრდა დედა , რომელიც საკუთარ შვილთან ერთად გუშინ ოდესაში სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა". - წერს მელნიკი. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოდესაში საჰაერო თავდასხმისას 8 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ჩვილი ემსხვერპლა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ თქვა, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ოდესის სამაშველო ჯგუფმა, 96 მაშველით, ხანძრის ლიკვიდაცია და 86 ადამიანის ევაკუაცია შეძლო. 

გერმანიასა და საერთაშორისო სივრცეში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიმართ კრიტიკა იზრდება, რადგან მის მთავრობას არ სურს რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად უკრაინას მიაწოდოს მძიმე საბრძოლო იარაღი, როგორიცაა ტანკები და ჰაუბიცები. 

ამასთანავე, ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ცნობით, საფრანგეთმა და გერმანიამ, ევროკავშირის სამხედრო ემბარგოს არსებობის მიუხედავად, 2015 წლიდან რუსეთს 273 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიაწოდეს, რომელიც, სავარაუდოდ, ახლა უკრაინაში გამოიყენება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები