რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოდესაზე საჰაერო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

  Getty Images

უკრაინაში საპორტო ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ თქვა, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

"დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. არ გააზიაროთ ფოტოები და ვიდეოები. არ დაეხმაროთ მტერს. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს". - ვკითხულობთ უკრაინის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის Telegram არხზე. 

Telegram-ზე ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, პეტრო ობუხოვმა სარაკეტო დარტყმებს "პუტინის სააღდგომო საჩუქრები" უწოდა.

მანამდე, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნებიდან ერთ-ერთად აღმოსავლეთსა და სამხრეთზე სრული კონტროლის დამყარება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთის კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს, შევიდეს ოკუპირებულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები