ირანის სამთავრობო მედიაში 18 ივლისს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მორიგი განცხადება გავრცელდა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ირანის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ამასთან, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც თებერვლის ბოლოს იერიშების შედეგად თავისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის, მკვლელობის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, პირობას დებს, რომ ირანი და მისი პროქსი ძალები აშშ-ს ძლიერად უპასუხებენ, თუკი საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია გაგრძელდება.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მ ირანული რეჟიმის სამიზნეების წინააღმდეგ იერიშები განაახლა. თავის მხრივ, ირანმა აშშ-ს არმიის დარტყმების პასუხად იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, ერაყსა და ქუვეითში ამერიკულ ბაზებს დაესხა თავს.
ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ზრდის ფონზე აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 17 ივლისს განაცხადა, რომ გუშინ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, რაც ირანთან ომში ამერიკის მხარეს მსხვერპლის პირველი შემთხვევაა მარტის შემდეგ.
"დიდი სატანის მხრიდან ირანსა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის განმეორებით დარღვევა ყველასთვისი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად უსარგებლო და არასანდოა აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერა." – ვკითხულობთ ხამენეის Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
"დიდმა სატანამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე ნიღბის გარეშე ისე, რომ დანაშაულისა და არაკეთილგონიერების ეს ბნელი გამოცდილება ამერიკის მზაკვრობის, ირაციონალურობის, არასანდოობისა და ბოროტების მორიგი ძლიერი დასტური იქნება." – დაამატა მან.
ირანული რეჟიმის უზენაესმა ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს "ომის გამოწვევა სურს". ხამენეიმ პირობა დადო, რომ აშშ "კიდევ უფრო მძიმე ფასს" გადაიხდის და რომ "წინააღმდეგობის ღერძს დაუვიწყარი გაკვეთილები აქვს" გამზადებული.
რეგიონში ესკალაციის ზრდის პარალელურად გამოცემა Axios წერს, რომ აშშ-მ ისრაელს ქვეყანაში დამატებით ათეულობით თვითმფრინავის გაგზავნის შესახებ აცნობა, რომლებსაც ჰაერში სხვა თვითმფრინავების საწვავით გამართვა შეუძლიათ, რაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების პოტენციური გაფართოებისთვის სამზადისს წარმოადგენს.
Axios-ის ინფორმაციით, 14 ივლისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩევლებმა რამდენიმე ახალი სამხედრო გეგმა წარუდგინეს და ახლა ის ირანზე მასიურ თავდასხმას განიხილავს, რომელიც მასშტაბებით ამჟამად ჰორმუზის სრუტეში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მიტანილ დარტყმებზე დიდი იქნება.
გამოცემის ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მზადაა ომის ესკალაციისთვის, რათა აშშ-მ საკმარისი ზიანი მიაყენოს ირანის რეჟიმს იმისთვის, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ტრამპის ბირთვულ მოთხოვნებს დათანხმდეს.
ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ესკალაციის ბრძანება შესაძლოა, მომდევნო დღეებში გასცეს.
Axios-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ამერიკას ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, თელ-ავივის სიახლოვეს, 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული, რომელთა დანიშნულებაც ჰაერში თვითმფრინავები საწვავით გამართვაა.
ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-ს უნდა, რომ რეგიონში კიდევ რამდენიმე ათეული მსგავსი თვითმფრინავი გაგზავნოს, რათა მათი რაოდენობა ომის დაწყების წინა პერიოდში არსებულ რიცხვებს გაუთანაბრდეს.




