ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ზრდის ფონზე აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ გუშინ ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, რაც ირანთან ომში ამერიკის მხარეს მსხვერპლის პირველი შემთხვევაა მარტის შემდეგ.
CENTCOM-ის განცხადებით, 17 ივლისს ირანის იერიშის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი დაკარგულად ითვლება, ხოლო ოთხი დაიჭრა.
სარდლობის მიხედვით, დაშავებული სამხედროები იორდანიის საავადმყოფოებში გადაიყვანეს და ისინი უკვე გამოწერეს.
CENTCOM-მა ასევე დაწერა, რომ დაღუპული სამხედროების იდენტობა 24 საათის განმავლობაში არ გასაჯაროვდება, რათა არმიამ მომხდარის შესახებ დაღუპულთა ოჯახის წევრების შეტყობინება შეძლოს.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მ ირანული რეჟიმის სამიზნეების წინააღმდეგ იერიშები განაახლა. თავის მხრივ, ირანმა აშშ-ს არმიის დარტყმების პასუხად იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, ერაყსა და ქუვეითში ამერიკულ ბაზებს დაესხა თავს.
პარალელურად, გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს აცნობა, რომ აშშ ქვეყანაში დამატებით ათეულობით თვითმფრინავს გზავნის, რომლებსაც ჰაერში სხვა თვითმფრინავების საწვავით გამართვა შეუძლიათ, რაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების პოტენციური გაფართოებისთვის სამზადისს წარმოადგენს.
როგორც Axios წერს, 14 ივლისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩევლებმა რამდენიმე ახალი სამხედრო გეგმა წარუდგინეს და ახლა ის ირანზე მასიურ თავდასხმას განიხილავს, რომელიც მასშტაბებით ამჟამად ჰორმუზის სრუტეში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მიტანილ დარტყმებზე დიდი იქნება.
გამოცემის ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მზადაა ომის ესკალაციისთვის, რათა აშშ-მ საკმარისი ზიანი მიაყენოს ირანის რეჟიმს იმისთვის, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ტრამპის ბირთვულ მოთხოვნებს დათანხმდეს.
ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ესკალაციის ბრძანება შესაძლოა, მომდევნო დღეებში გასცეს.
Axios-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ამერიკას ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, თელ-ავივის სიახლოვეს, 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული, რომელთა დანიშნულებაც ჰაერში თვითმფრინავები საწვავით გამართვაა.
ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-ს უნდა, რომ რეგიონში კიდევ რამდენიმე ათეული მსგავსი თვითმფრინავი გაგზავნოს, რათა მათი რაოდენობა ომის დაწყების წინა პერიოდში არსებულ რიცხვებს გაუთანაბრდეს.




