უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებისა და ბოლო პერიოდში კიევზე მიტანილი მასშტაბური იერიშების გამო ევროპის კავშირის საბჭომ 17 ივლისს სანქციები დაუწესა რუსული დრონების მწარმოებელ სექტორთან დაკავშირებულ პირებსა და კომპანიებს.
"რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებისა და ესკალაციის ფონზე – მათ შორის, 2026 წლის 1-ელი და 5 ივლისის ღამის საათებში ბოლო მომაკვდინებელი დარტყმებისა და სასტიკი სამხედრო კამპანიის გათვალისწინებით, რომელიც მიზანმიმართულად იღებს მიზანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას – დღეს საბჭომ გადაწყვიტა, შემზღუდავი ზომები შემოიღოს ერთი ინდივიდისა და ხუთი სუბიექტის წინააღმდეგ." – ვკითხულობთ გავრცელებულ პრესრელიზში.
საბჭოს განცხადებით, სანქცირებული ერთეულები რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის შემადგენელი ნაწილი არიან და კონკრეტულად დრონების წარმოებაში იღებენ მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთივე სუბიექტი ABS Electro Group-ის კომპანიების წარმოადგენენ, რომელიც დრონებისთვის საჭირო ელექტრონულ და რადიოელექტრონულ ნაწილებს აწარმოებს. აღნიშნული კომპანიები ასევე ავტომატური კონტროლის სისტემებს აწარმოებენ რუსეთის ენერგოსექტორისთვის, რაც კრემლისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
საბჭომ დაასანქცირა ABS Electro Group-ის კომპანიების საბჭოს თავმჯდომარე, ირინა ხარისოვაც, და რამდენიმე კომპანიის დირექტორი. შემოღებული სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და, ამასთანავე, აიკრძალა მათთვის, პირდაპირ ან ირიბად, ფინანსების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდებაც. სანქცირებულთა სიაში შეყვანილ პირებზე გავრცელდება ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვაც.





