რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, ოდესაში საჰაერო თავდასხმისას 8 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ჩვილი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ოდესაში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მისი თქმით, დაღუპულთა შორის სამი თვის ბავშვია.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა - 18. ოდესის სამაშველო ჯგუფმა, 96 მაშველით, ხანძრის ლიკვიდაცია და 86 ადამიანის ევაკუაცია შეძლო. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ თქვა, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნებიდან ერთ-ერთად აღმოსავლეთსა და სამხრეთზე სრული კონტროლის დამყარება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთის კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს, შევიდეს ოკუპირებულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები