რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: მთავარი პრიორიტეტია, NATO-ს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ავარიდოთ

Christophe Gateau/AFP via Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, დღეს მთავარი პრიორიტეტი, NATO-სა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდებაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა Der Spiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა, როცა ჰკითხეს - რატომ არ აწვდიდა გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკას. 

"უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად გადავდგათ და ერთმანეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. [...] ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი NATO-სთვის ესკალაციის თავის არიდებაა". - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიასა და საერთაშორისო სივრცეში შოლცის მიმართ კრიტიკა იზრდება, რადგან მის მთავრობას არ სურს რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად უკრაინას მიაწოდოს მძიმე საბრძოლო იარაღი, როგორიცაა ტანკები და ჰაუბიცები. 

"ამიტომ არ ვაქცევ ყურადღებას რეიტინგს და არ ვაღიარებ ხმაურიან მოწოდებებს, რადგან შეცდომას დრამატული შედეგები მოჰყვება". - თქვა გერმანიის კანცლერმა. 

ამ კომენტარით შოლცმა საკუთარი პოზიცია შეცვალა: მანამდე იგი აცხადებდა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე სამხედრო იარაღს ვერ მიაწვდიდა, რადგან საკუთარი სამხედრო მარაგი ამოწურული ჰქონდა.

გერმანიის კანცლერმა, ასევე, დაიცვა საკუთარი გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ არ შეეწყვიტა რუსული გაზის გერმანული იმპორტი. მისი თქმით, გაზის ემბარგო ომს ვერ დაასრულებს. 

"ამასთანავე, თქვენ ისე იქცევით, თითქოს ეს [უარი რუსულ გაზზე] ფულს ეხებოდეს, თუმცა სინამდვილეში დრამატული ეკონომიკური კრიზისს, მილიონობით სამუშაო ადგილისა და ქარხნის დაკარგვის თავიდან არიდებაა". - განმარტა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები