რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სენატორი კენედი: მიეცით კაცს [ზელენსკის] თავის თვითმფრინავები

Mandel Ngan/Pool via AP

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ კენედიმ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემაზე გავრცელებული განცხადების გამო გააკრიტიკა. 10 თებერვალს  პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას. სენატორი კენედის განმარტებით, უკრაინელების თავდაუზოგავ ბრძოლაში დახმარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ არ შეაფერხოს ევროპელ ქვეყანათა გადაწყვეტილება, გადასცეს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავენი. 

"უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტი ზელენსკი თავდაუზოგავად იბრძვიან, მაგრამ მათ სჭირდებათ თვითმფრინავები. მათ სჭირდებათ თვითმფრინავები. შაბათს სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინას თვითმფრინავები სჭირდება. ის არ მოითხოვს ამერიულ თვიმფრინავებს ან პილოტებს ან მებრძოლეებს. მას სჭირდება ევროპული თვიმფრინავები - ევროპულ ქვეყანათა ნაწილი თანახმაა, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ვერ იღებს გადაწყვეტილებას - ის კვლავ კულისებიდან მართავს. მიეცით კაცს თავის თვითმფრინავები". - თქვა სენატორმა კენედიმ. 

8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა მის მფლობელობაში არსებულ ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემდა. ავიაგამანადგურებლებს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გადაიყვანდნენ. განცხადების მიხედვით, პოლონეთმა გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე მწვანე შუქის ანთების კონტექსტში მიიღო.

6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ პოლონეთი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემდა, აშშ ვარშავას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით მოამარაგებდა, რასაც პოლონურმა მხარემ სიცრუე უწოდა. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ პოლონეთთან მუშაობდა, რათა ვარშავას უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლები მიეწოდებინა. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთთან საუბრობდნენ. სწორედ ამის შემდეგ, 8 მარტს, პოლონეთის მხარემ გამოაქვეყნა განცხადება აშშ-სთვის MiG-29-ების გადაცემასთან დაკავშირებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები