რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: პუტინის რეზიდენციიდან 9 კილომეტრში დრონსაწინააღმდეგო ბადე დააყენეს

ვლადიმირ პუტინი
Karen Minasyan/AFP via Getty Images

დამოუკიდებელი რუსული მედიაპროქტი Агентство წერს, რომ ვლადიმირ პუტინის ვალდაის რეზიდენციიდან 9 კილომეტრის მოშორებით დრონსაწინააღმდეგო ბადეები დააყენეს, რისი მიზეზიც, შესაძლოა "აბლაბუდას" გამეორების შიშები იყოს.

Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი და გამომძიებელი, რუსლან ლევიევის აზრით, ეშინიათ, რომ უკრაინელები რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ "აბლაბუდას" მსგავს ოპერაციას მოაწყობენ და რეზიდენციის მახლობლად ბადეების გამოჩენა ამ შიშს უკავშირდება.

ნოვგოროდის ოლქის ვალდაის რაიონში სატვირთო მანქანების ავტოსადგომებზე ბადეების გამოჩენის შესახებ კვირას საღამოს ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა გაავრცელა ინფორმაცია. აგენტსტვოს ანალიზის მიხედვით, ბადეები ვლადიმირ პუტინის ვალდაის ოფიციალური რეზიდენციიდან დაახლოებით 9 კილომეტრშია დამონტაჟებული. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ასეთი ბადეები ფრონტის ხაზზეც გამოიყენება და მათ შეუძლიათ დაცვა მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონებიდან ჩამოგდებული საბრძოლო მასალებისგან.

ოპერაცია "აბლაბუდა" 2025 წელს რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩავარდნად მიიჩნევა. 2025 წლის ივნისის დასაწყისში რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინელებმა დრონებით მასშტაბური იერიშები მიიტანეს. მაშინ დრონები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სატვირთო მანქანებიდან ამოფრინდნენ.

 

კომენტარები