რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენის მწვანე შუქის შემდეგ პოლონეთი ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს აძლევს

პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29

პოლონეთი მის მფლობელობაში არსებულ ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემს. ქვეყანამ გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე მწვანე შუქის ანთების შემდეგ მიიღო. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შედეგად პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს ყველა მისი MIG-29 თვითმფრინავი რამშტეინის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განკარგულებაში.

ამავდროულად, პოლონეთი სთხოვს აშშ-ს, მოგვაწოდოს გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზად არის, დაუყოვნებლივ შეთანხმდეს თვითმფრინავების შესყიდვის პირობებზე. პოლონეთის მთავრობა ასევე სთხოვს NATO-ს სხვა წევრებს, რომლებიც MiG-29 თვითმფრინავებს ფლობენ, რომ იმავე პრინციპით იმოქმედონ". – ნათქვამია განცხადებაში.

6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები