რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: NATO-ს წევრი ქვეყნები მწვანე შუქს მიიღებენ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, "მწვანე შუქს" მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხზე განხილვა უკვე დაწყებულია პოლონეთთან.

"არ გვეშინია [რომ ეს დაძაბულობის გამწვავებას გამოიწვევს]. ისინი მწვანე შუქს მიიღებენ. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოლონელ მეგობრებთან იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუკი ისინი უკრაინელებისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტენ.

[...] ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპაში მჭიდროდ ვმუშაობდი ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან NАТО-ში, ევროკავშირში, დიდი შვიდეულის ქვეყნებში. ჩვენ ყველანი ერთად ვაგრძელებთ მოქმედებას რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად დამატებითი სანქციების მეშვეობით, რომლებიც აქტიურად განიხილება და ძალიან მალე შესრულდება. ასევე განვიხილავთ შემდგომი ნაბიჯების განხილვას, რათა უკრაინელებს მისცენ ის, რაც რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდებათ". თქვა ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები