რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში 5 დასახლებიდან კიევის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა

Ірина Верещук / Facebook

უკრაინაში ვორზელის, ბორდიანკას, ბუჩას, ირპენისა და გოსტომოლის მცხოვრებლებისთვის კიევის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, ჰუმანიტარული დერეფნები კიევის დროით 09:00 საათზე ამოქმედდა, ევაკუაცია კი 11:30-დან მიმდინარეობს. დერეფნები 21:00 საათზე დაიხურება.

8 მარტს ქალაქ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მოქალაქეთა ევაკუაცია შეწყდა. რუსულმა სამხედროებმა უშუალოდ ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა დაიწყეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. იმავე დღეს მოსახლეობის ევაკუაცია შეწყდა სუმიშიც.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური წინსვლები იყო.  

ჰუმანიტარული დერეფნებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი 3 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს. რუსეთმა სიჩუმის რეჟიმი 5 მარტს გამოაცხადა, თუმცა უკრაინელი თანამდებობის პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჰუმანიტარულ დერეფნები დაბომბეს, რის გამოც ხალხის ევაკუაცია შეჩერდა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები