რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: სიჩუმის რეჟიმს ვაცხადებთ, 2 ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს და, მათივე ინფორმაციით, უკრაინაში მარიუპოლისა და ვოლნოვახას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება.  

"დღეს, 5 მარტს, მოსკოვის დროით 10:00 საათიდან რუსული მხარე სიჩუმის რეჟიმს აცხადებს და ხსნის ჰუმანიტარულ დერეფნებს მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად". - საგარეო საქმე სამინისტროს კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.  

მათივე ცნობით, ჰუმანიტარული დერეფნები და გასასვლელი გზები უკრაინულ მხარესთანაა შეთანხმებული. 

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლიდან 200 000-ზე მეტი ადამიანის გაყვანაა დაგეგმილი, ვოლნოვახადან კი 15 000-ზე მეტი ადამიანის. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გარანტი წითელი ჯვრის ორგანიზაციაა. 

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი 3 მარტს გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელის თქმით, "ძირიტად შედეგებს, რასაც იმედოვნებდნენ", ვერ მიაღწიეს, თუმცა დეტალურად განიხილეს ჰუმანიტარული ნაწილი - სწორედ ამ ნაწილში შედიოდა ჰუმანიტარული კორიდორები და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები