რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა მარიუპოლიდან ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა დაიწყო – ევაკუაცია შეწყდა

Unian

უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მოქალაქეთა ევაკუაცია შეწყდა. რუსულმა სამხედროებმა უშუალოდ ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა დაიწყეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. 

"ოკუპანტებმა არ გაუშვეს ბავშვები, ქალები და მოხუცები ქალაქიდან. მტერმა შეტევა ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით დაიწყო. რუსი არაადამიანების ამგვარი ქმედებები არაფერია, თუ არა უკრაინელების გენოციდი. ოკუპანტების დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება". – ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაში.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური წინსვლები იყო.  

ჰუმანიტარული დერეფნებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი 3 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს. რუსეთმა სიჩუმის რეჟიმი 5 მარტს გამოაცხადა, თუმცა უკრაინელი თანამდებობის პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჰუმანიტარულ დერეფნები დაბომბეს, რის გამოც ხალხის ევაკუაცია შეჩერდა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები