რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მედია: მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი ღალატის გამო დაკავებისას მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავების დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, დენის კირეევი მოკლა - ის ღალატში იყო ეჭვმიტანილი.

განახლება: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი, დენის კირეევი დაზვერვის თანამშრომელი იყო და სპეციალური დავალების შესრულების დროს დაიღუპა.

"ის უკვე მკვდარია". - უკრაინსკაია პრავდა ინფორმაციას ძალოვან ბლოკსა და პოლიტიკურ წრეებში მაღალი რანგის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროს ინფორმაციით, უშიშროების სამსახურს "აშკარა მტკიცებულებები ჰქონდა" კირეევის ღალატზე, მათ შორის, სატელეფონო საუბრები.   

ამ დრომდე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების 2 რაუნდი შედგა - მხარეებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბოლო, 3 მარტის შეხვედრაზე განიხილეს, ჰუმანიტარული დერეფნები და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იყო. რუსეთმა სიჩუმის რეჟიმი დღეს, 5 მარტს გამოაცხადა, თუმცა უკრაინელი თანამდებობის პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჰუმანიტარულ დერეფნებს ბომბავენ, რის გამოც ხალხის ევაკუაცია შეჩერებულია. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები