რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები დაბომბვას აგრძელებენ – მოსახლეობის ევაკუაცია სუმიშიც შეწყდა

Reuters

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია სუმის ოლქშიც შეფერხდა - რუსი ოკუპანტები მწვანე კორიდორის დაბომბვას აგრძელებენ. ინფორმაციას Unian-ის კორესპონდენტი ავრცელებს

კორესპონდენტის ცნობით, ბრძოლა ქალაქის გარეუბანში გრძელდება, ოკუპანტები უკრაინელებს ტანკებითა და ტყვიამფრქვევებით უტევენ. ტრანსპორტი ქალაქში ბრუნდება, მოსახლეობა, რომელიც ქალაქიდან გასვლას აპირებდა, ჩემოდნებითა და პირადი ნივთებით უკან მოდის.  

Unian-ის ცნობით, საევაკუაციო ავტობუსები, რომლებსაც საქარე მინაზე წარწერა "ბავშვები" აქვს, ადგილობრივი საზოგაოდებრივი ტრანსპორტის სადგომზეა გადაყვანილი. 

მანამდე, ქალაქ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მოქალაქეთა ევაკუაცია შეწყდა. რუსულმა სამხედროებმა უშუალოდ ჰუმანიტარულ დერეფანზე შეტევა დაიწყეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. 

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ შეხვედრაზე ჰუმანიტარული კორიდორის ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით გარკვეული პოზიტიური წინსვლები იყო.  

ჰუმანიტარული დერეფნებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი 3 მარტის შეხვედრაზეც განიხილეს. რუსეთმა სიჩუმის რეჟიმი 5 მარტს გამოაცხადა, თუმცა უკრაინელი თანამდებობის პირების ინფორმაციით, ოკუპანტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ჰუმანიტარულ დერეფნები დაბომბეს, რის გამოც ხალხის ევაკუაცია შეჩერდა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები