დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: ჩემი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება.

"ყველა ნიშანი, რაც გაგვაჩნია, არის ის, რომ ისინი უკრაინაში შესასვლელად, უკრაინაზე თავდასასხმელად მზად არიან... ვვარაუდობ, რომ ეს მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება", – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა დაამატა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ჩართული იყოს სხვა დროშის ქვეშ ოპერაციის შესრულებაში, რათა სამხედრო კონფლიქტი გამოიწვიონ. 

ბაიდენმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ რუსეთის შეჭრის შანსი "ძალიან მაღალია", რადგან "მათ ჯარები ჯერაც არ გაუყვანიათ".

პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. უკრაინელი სამხედროები საბრძოლო ზმადყოფნაში არიან, თუმცა პროვოკაციებს პასუხს ამ დრომდე არ სცემენ

УНІАН-ის ინფორმაციით, მთელი გასული ღამის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სიმშვიდე 29-ჯერ დაარღვიეს. შედეგად დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. უკრაინული მხარის ცნობით, 29-დან 27 შემთხვევაში რუსეთის მარიონეტულმა ძალებმა ცეცხლი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით გახსნეს. 

პარალელურად, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინას პროვოკაციებში ადანაშაულებს, რუსულმა სამთავრობო მედიამ კი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო.

პარალელურად, აშშ-ს თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, იქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლური მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-ით მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას, სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ გაჰყავთ სამხედროების ნაწილები, რომლებმაც სამხედრო წვრთნები დაასრულეს. თუმცა დეესკალაციის შესაძლებლობას დასავლეთში ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

პარალელურად, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას და დასამტკიცებლად ვლადიმირ პუტინს მიმართა. ჯერჯერობით პუტინი ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმების მიხედვით იმოქმედებენ.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები