სროლა ვერაზე

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა

42 წლის კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, მას მარცხენა ხელის ერთ-ერთი თითი ამპუტირებული აქვს, ხოლო მარჯვენაზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და დაზიანება დაკავებისას მიიღო.

ექიმის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია გამოკითხეს თუ არა ბრალდებული. 

"23 ივლისს, 00:34 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა 42 წლის მამაკაცი, დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა პაციენტთან. [...] გონზეა, კონტაქტურია, პალატაშია ბადრაგთან ერთად" - განაცხადა ექიმმა. 

ექიმის თქმით, არ იციან რა ვითარებაში ან რით მიიღო ბრალდებულმა დაზიანება, ამას ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ექიმი ამბობს, ბრალდებული შესაძლოა კლინიკიდან ხვალ, 24 ივლისს გაწერონ. 

22 ივლისს, ვერაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ცნობით ერთი არასრულწლოვანი გუშინ ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, 2 ახალგაზრდის მდგომარეობა კი ექიმის თქმით, ამ ეტაპზე სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაჭრილი გამვლელია, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქტსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. 

კომენტარები