დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფონ დერ ლეიენი: მთავარი გაკვეთილია, რომ თავიდან უნდა მოვიშოროთ რუსულ გაზზე დამოკიდებულება

ურსულა ფონ დერ ლეიენი
ფოტო: ft.com

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეინმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ უკრაინის კრიზისი მთავარი გაკვეთილი ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაა. ფონ დერ ლეიენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირმა შეიმუშავა "მტკიცე და ყოვლისმომცველი" სანქციების პაკეტი.

"ჩვენი მოწოდება რუსეთისთვის არის ცხადი - არ აირჩიოთ ომი. მაგრამ ვიყოთ ფხიზლად. თუ კრემლი აირჩევს ძალადობას უკრაინის წინააღმდეგ, ჩენი პასუხი იქნება ძლიერი და ერთიანი. ევროკომისიამ და EEAS მჭიდროდ მუშაობდნენ ყველა წევრ სახელმწიფოსთან რათა შეემუშავებინათ მტკიცე და ყოვლისმომცველი შესაძლო სანქციების პაკეტი. რუსეთის სტრატეგიული ინტერესია მისი ცალმხრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება და არსებული ჩავარდნების ამოვსება. მაგრამ ამისთვის მათ სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებშიც გლობალური ლიდერები ჩვენ ვართ. მაღალტექნოლოგიური ნაწილების [სფეროში] რუსეთი მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენს სანქციებს შეუძლიათ ძალიან მტკივნეულად დაარტყან რუსეთს და კრემლმა ეს იცის." - თქვა ფონ დერ ლეინმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ენერგიის საკითხს იარაღად გამოიყენებს.

"კვირებია, ჩვენ ვესაუბრებით სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც მზად არიან გაზარდონ ევროკავშირისთვის თხევადი გაზის მიწოდება. ჩვენ გავამტკიცენ პანევროპული მილსადენი და ელექტროენერგიის სისტემა." - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლეინემა აღნიშნა, რომ საჭიროა, ევროკავშირმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეამციროს.

"ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ კრიზისიდან ვისწავლეთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება და თავიდან უნდა მოვიშოროთ რუსულ გაზზე დამოკიდებულება. უნდა ჩავდოთ ბევრი ინვესტიცია განახლებად ენერგიაში." - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპას უკეთესის იმედი აქვს, თუმცა უარესისთვის არის მზად.

"ეს არის კრიზისი რომელიც შექმნა მოსკოვმა. ჩვენ არ აგვირჩევია კონფრონტაცია. უკეთესის იმედი გვაქვს, მაგრამ მზად ვარ უარესისთვის. განსხვავებული მომავალი შესაძლებელია. მომავალი რომელშიც რუსეთი ევროპა თანამშრომლობენ საერთო ინტერესებზე. მომავალი რომელშიც თავისუფალი ქვეყნები ერთად მუშაობენ მშვიდობიანად." - თქვა ფონ დერ ლეიენმა.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში, შესაძლოა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად, 16 თებერვალს შეიჭრას.

გუშინ, 15 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან.

თუმცა უკრაინელი და დასავლელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნები არ არის და უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ისევ მაღალია.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები