დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან დეესკალაციის არანაირი ნიშანი არ არის

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ დაძაბულობა უკრაინის საზღვრთან დიპლომატიური გზით გადაიჭრას.  რუსეთის მიერ ჯარების გაყვანაზე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით  დეესკალაციის არანაირი ნიშანი არ არის. 

"მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატიის გაგრძელება შესაძლებელია, რაც იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნები. რუსეთმა გადასხა საბრძოლო ჯარები რუსეთს შიგნით და მის გარშემო. ყველაფერი მზადაა განახლებული თავდასხმისთვის. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, საზღვრიდან უკან დაიხიოს. შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაჭრის ძებნა". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კორაშენკოვის თქმით, წვრთნების პარალელურად, მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად მზადება დაიწყეს რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ჯარისკაცებმა. 

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ვერ უღალატებს მის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც "ყველა ერს აქვს საკუთარი გზის არჩევის უფლება". სტოლტენგერმა ასევე ისაუბრა  რუსეთის დუმის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, რუსეთის პრეზიდენტისთვის ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების მოთხოვნით მიმართვას. 

"თუ ეს მოხდება, დაირღვევა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რადგან ეჭვი არავის არ ეპარება, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის განუყოფელი ნაწილია, მოქცეული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. 

უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიაროს. 

კერძოდ, უკრაინის რადა მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, NATO-ს, მსოფლიო ლიდერებს და პარლამენტებს, არ აღიარონ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას. 


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-ით მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

 

კომენტარები