დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბლინკენი ლავროვს: საჭიროა, ვიხილოთ გადამოწმებადი, სანდო, არსებითი დეესკალაცია

AP Photo / Alex Brandon

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა  უკრაინის საზღვართან შემაშფოთებელ დაძაბულობასა და სანდო, გადამოწმებადი დეესკლაციის აუცილებლობას.

"ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩვენი მუდმივი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დრის დაიწყოს უკრაინაში შეჭრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა გადამოწმებული, სანდო, არსებითი დეესკალაცია". - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთანავე, ბლინკენმა განმართა, რომ მართალია რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს, ამერიკა რჩება დიპლომატიური გზის ერთგულები და სჯერა, კვლავ არსებობს სივრცე კრიზისის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი   ერთობლივი მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას  გაუსვა ხაზი და მეორე მხარეს უსაფრთხოების საკითხებზე პრაგმატული დიალოგისკენ მოუწოდა

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადების თანახმად, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ ვაშინგტონის  "აგრესიული რიტორიკა" მიუღებელია.

რუსეთმა გაავრცელა განცხადება, რომ სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან. რუსეთის პარლამენტმა კი მხარი დაუჭირა უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა. 

უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიაროს.  კერძოდ, უკრაინის რადა მიმართავს გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, NATO-ს, მსოფლიო ლიდერებს და პარლამენტებს, არ აღიარონ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები