დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

შოლცი: უკრაინის NATO-ში წევრობა დღის წესრიგში არაა, უცნაურია, რომ რუსეთმა ეს დისკუსია დაიწყო

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში ვიზიტის დროს თქვა, რომ NATO-ში უკრაინის წევრობის საკითხი ჯერ აქტუალური არ არის.

"ალიანსის წევრობის საკითხი მოცემულ მომენტში არააქტუალურია. ამიტომ უცნაურია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დიდი პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ დგას" - თქვა შოლცმა.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფლად არჩევის პრინციპი არ შეიძლება დისკუსიის საგანი გახდეს და არ შეიძლება ერთი სახელმწიფო მეორე მიუთითებდეს სად იყოს. შოლცმა მდგომარეობის განმუხტვისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ნორმანდიის ფორმატით, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში და ეუთო-ში დიპლომატიური ძალისხმევის საჭიროება აღნიშნა.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სურვილი გახდეს ალიანის წევრი.

"ჩვენგან არ არის მინიშნება, რომ NATO-ს წევრობა ჩვენი მიზანი არ არის" - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ NATO-ში წევრობა, შესაძლოა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტია გამხდარიყო.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრანაში ვიზიტის შემდეგ რუსეთში გაემგზავრება.

11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები