დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინა ფრენების უსაფრთხოების გარანტირებისთვის 590 მლნ დოლარს გამოყოფს

GETTY IMAGES

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო წვრთნების და ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის პირობებში ფრენების უსაფრთხოების გარანტირებისთვის 16.6 მილიარდი გრივნა (590 მლნ დოლარი) გამოყო.

თანხა გამოყოფილია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, რათა უწყებამ 14 თებერვლიდან "საგარეო პოლიტიკური საფრთხეების დარეგულირებამდე" ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს სადაზღვევო კომპანიებისთვის, სალიზინგო კომპანიებისთვის და ავიაგადამზიდებისთვის.

პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის უკრაინაში ფრენების შესრულებას. მანამდე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო Facebook-ზე წერდა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე ღია რჩება და უკრაინა მზად არის ავიაგადამზიდების მხარდაჭერისთვის. ტიმოშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვის რეკომენდაცია არ გაუკეთებია.

უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილებასთან 14 თებერვლიდან შეწყვიტონ იმ თვითმფრინავების დაზღვევა, რომლებიც უკრაინაში დაფრინავენ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის შესაძლო აგრესიის გამო სამხედრო მოქმედებების გაზრდილი რისკია. რამდენიმე ავიაკომპანიამ უკვე შეწყვიტა უკრაინაში ფრენების ბილეთების გაყიდვა ან გააუქმა რეისები, მათ შორის არის KLM, SkyUp, Ryanair.

11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები