ბენ ჰოჯესი

ჰოჯესი: უკრაინას, შავ ზღვას აკვირდებიან, შესაძლებლობაა საქართველოსთვის ყურადღება მიიზიდოს

AP

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შავი ზღვის რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალმა აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით რამდენი ყურადღება ეთმობა რეგიონს, ეს საქართველოსთვის შესაძლებლობაა, ყურადღება მიიზიდოს.

"პენტაგონი, ბიზნესი, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ საკუთარი თავისკენაც მიიზიდოს ყურადღება და ყველას უთხრას, რომ შემომხედეთ, მე შემიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ სტრატეგიულ რეგიონში, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა.

ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც აჩვენებს, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.

ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესის, ინვესტიციის მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესი საქართველოში დიდ ფულს ჩადებს, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ.

ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს." – თქვა ჰოჯესმა.

ჰოჯესმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ცარიელი ქაღალდია.

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულ მდგომარეობაზე საუბრისას ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, 90 პროცენტია იმის ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინას რაღაც სახით თვის ბოლომდე დაესხას თავს.

11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები