მიხეილ სააკაშვილი

ფოტიგა: საქართველოს მეგობარი ვარ, გულდასაწყვეტია, რომ სამინისტრომ შეხვედრაზე უარი მითხრა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას თქმით, ის საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა და გულდასაწყვეტია, რომ იუსტიციის სამინისტრომ მას ვიზიტზე უარი უთხრა. ევროპარლამენტარი გეგმავს, უპასუხოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის წერილს, რომელშიც მინისტრი ფოტიგას სააკაშვილთან არ შეშვების მიზეზებს ხსნის.

"ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა საპყრობილეში. ჩვენი ვიცით მისი გადაწყვეტილების შესახებ გამოეცხადებინა შიმშილობა და შეშფოთებული ვართ ამ შიმშილობის ხანგრძლივობით და მძიმე შედეგით, რომელიც შეიძლება დადგეს." – თქვა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარი ასევე შეხვდა ელენე ხოშტარიას, რომელიც უკვე მე-11 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ფოტიგას თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო ევროპარლამენტისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საკითხი არის სენსიტიური და მხარეები, შესაძლოა, მიკერძოებულები იყვნენ. ევროპარლამენტარის თანახმად, მის და ასევე ლიტვის პარლამენტის დელეგაციის შეფასებებს დასავლეთი გაითვალისწინებს.

ანა ფოტიგა თავს საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარ უწოდა და მოიგონა, რომ როდესაც პოლონეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოში ჩამოდიოდა ის მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ხვდებოდა, რაც დიპლომატიის კარგი მახასიათებელია და ამ ვიზიტისას ფოტიგაც იმავეს გაკეთებას ცდილობდა და მისი ინტერესია არა რომელიმე მხარის დაჭერა, არამედ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.

"იუსტიციის სამინისტრომ უარი მითხრა ვიზიტზე, ნამდვილად გულდასაწყვეტია, ვთვლიდი ჩემს თავს გამოცდილ პიროვნებად, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში არსებობს მრავალი განცხადება, ახლობლები სიტუაციის შეფასებისას ემოციურობით გამოირჩევიან, მეორე მხარესაც, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, აქვს თავისი ინტერესი, იმაში რომ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას." – თქვა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა.

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

 

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები