შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებს შსს.
ონისე ოქრიაშვილს 3 ადამიანი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს - "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!".
თავდამსხმელები რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ნოდარ დუმბაძეს ახსენებენ, ეს მედიაში გავრცელებულ ვიდეოშიც ისმის.




