მიხეილ სააკაშვილი

რატომ არ შეუშვეს ევროპარლამენტარი სააკაშვილთან? – მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს

იუსტიციის სამინისტრო წერილს ასაჯაროვებს, რომლითაც მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას უპასუხა. ფოტიგას თქმით, მისი საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყო, თუმცა, უარი უთხრეს.

რატი ბრეგაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

ქალბატონო ანა,

2021 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც თქვენ ითხოვეთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, გაცნობებთ შემდეგს:

მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, მისი პირადი ექიმი და მისი სამედიცინო საჭიროებების რეგულარული შეფასების მიზნით შეკრებილი ექიმების ჯგუფი (კონსილიუმი).

მიხეილ სააკაშვილის მიერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიწოდებული მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღებაზე უარის გამო, 2021 წლის 8 ნოემბერს იგი გადაიყვანეს მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში - მისი ჯანმრთელობისთვის რისკების მინიმიზაციისა და შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით.

2021 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დროებითი ღონისძიების დაკისრებას - მომჩივნის მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას. იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა: ა) მომჩივანს დაჟინებით მოუწოდოს შიმშილობის შეწყვეტისკენ; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისთვის შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამდენად, შესაბამისი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაწესებულების სტანდარტები დამაკმაყოფილებელია, რითაც გამოირიცხა სხვა საავადმყოფოში მისი გადაყვანის მოთხოვნის საჭიროება.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.

თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში.

ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა

"სამწუხაროა კეთილი ნებისა და გამჭვირვალეობის ნაკლებობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი კიდევ არის. საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე". - წერს ფოტიგა

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ფოტიგას არშეშვებაზე საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ "ევროპარლამენტარი არაფრის ინდულგენცია არ არის ქვეყანაში" და, მისივე სიტყვებით, ანა ფოტიგამ "კეთილინებოს, შეისწავლოს [საქმე] და მერე ილაპარაკოს".  

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომენტარები