მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე: ეს არის პოლიტიკური აფერისტობა, თაღლითობა

"მართლები ვართ, თუ სიმართლის არ სჯერათ ევროპულ სასამართლოს მიმართონ". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

"ჯერ ამ სასამართლოს დეტალები და მასალა ნახონ და დარწმუნდებიან, რომ არამარტო იმ საქმეების გამოა სააკაშვილი გასასამართლებელი, რაზეც გასამართლდა, არამედ ბევრი სხვა საქმე შეიძლება დაუდო წინ მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ, ახლა საუბარი ამაზე არ არის, აიღონ ყურმილი, დარეკონ სტრასბურგში და კითხონ, არის თუ არა, ევროპული სასამართლოს ვერდიქტი ნამდვილი სააკაშვილთან მიმართებაში". - ამბობს ვოლსკი

მისივე თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილი ასრულებდა პუტინის მითითებებს, რამაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია განაპირობა, შესაბამისად,  სააკაშვილის პუტინის პატიმრად შერაცხვას პოლიტიკურ აფერისტობას ეძახის. 

"პუტინის დავალებას ვინ ასრულებს - ეგეც ფაქტებია და ეხლა თუ ესენი ამბობენ, რომ პუტინის პატიმარია, ეს არის აფერისტობა, პოლიტიკური აფერისტობა, თაღლითობა". - ამბობს გია ვოლსკი.

ევროპარლამენტარები: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

ისინი წერილში საუბრობენ ექსპრეზიდენტის დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე და ამბობენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა და სანამ მას განიხილავენ, ისინი ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ.

გარდა ამისა, საქართველოს და ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსები და სამოქალაქო პირები ევროპული საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს წერილით მიმართავენ და ითხვენ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შეწყდეს, სანამ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს სამართლიანი სასამართლო არ განიხილავს. წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვლადის ზალტერსი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კარლ ბილდტი. ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რასა იუნკევიჩიენე და სხვები. ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარები და ყოფილი ქართველი მინისტრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.


სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. 7 ოქტომბერს რუსთავის ციხეში პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა - სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მანაც მოუწოდა, თუმცა ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. როგორც ის წერს, "შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა". ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი - "ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება". სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ ოქტომბერს ქართული ოცნების წევრები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ იყო შემოსული, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში 1-ელ ოქტომბრამდე ჩამოვიდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ენმ-მ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის.  

ევროპარლამენტარის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილისთვის მუხლების დამატებაზე ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება და, მისივე სიტყვებით, პოლიტიკურ სამართალს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის გამო საქართველოს კარგი იმიჯი არ შეექმნება და, მისივე შეფასებით, სიტუაცია "გულდასაწყვეტია". კრამერს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება და ამბობს, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილზე მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.

კომენტარები