მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვისა, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ყველა ეპიზოდთან მიმართებით იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამასხური სასამართლოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.

"მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა". – წერია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, კობა ჩაგუნავამ პენიტენციური სამსახურის სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელების გამო დაკისრებული ჯარიმა გააუქმა

11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე გააუქმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროების გამო ინსპექტორის სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება.შესაბამისად, გაუქმდა იუსტიციის სამინისტროზე დაკისრებული ჯარიმა და სოციალური ქსელიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლის ვალდებულება.



2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ Facebook-ის, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.


20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები