მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კულება: შესაძლოა, სააკაშვილზე ჩვენი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ექსტრადიცია იყოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს დაკავებულ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს კომენტარს.

კულებას თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტს და ამბობს, რომ მასთან რამდენჯერმე საუბარიც შეძლეს. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტს, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, კონსულს მასთან დაუბრკოლებელი წვდომა აქვს. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რომლებშიც ცხადად გავიგეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია", – თქვა კულებამ. 

ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ ისინი სააკაშვილის საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობენ და მიდგომას არჩევენ.

"კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომაც, შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით გავაგრძელებთ სვალს და ეს შეიძლება მხოლოდ ექსტრადიცია არ იყოს", – თქვა დმიტრო კულებამ.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომპოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც – მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ – "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები