მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გვარამია: სააკაშვილის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ავადმყოფური ფერი აქვს

მთავარი არხის დირექტორი და  საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მისი ვარაუდით, 3-4 დღეში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ, ფერს, ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება, რამდენადაც მე შევატყვე, თუმცა აბსოლუტურად, პარადოქსულად ჩემთვის, მისი მსჯელობა უპრობლემოა, აზროვნებაც და კომუნიკაციაც და, რაც მთავარია, ოპტიმიზმი აქვს. ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება". - ამბობს ნიკა გვარამია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "წესიერად მოიქცეს", თორემ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კომენტარები