მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მამა ლეონი მოსაყდრე შიოს: ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის ციხეში ამოწყვეტით არ ხარობს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი, მოსაყდრე შიოს ქადაგებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ". მამა ლეონი FACEBOOK-ზე პასუხობს, რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს. 

"მიტროპილიტ შიოს ჭკუა და გონიერება რომ მაინცდამაინც არ უჭრის, მასთან პირველივე საუბრისასვე შევნიშნე, თუმცა სახარების მოკლე შინაარსიც თუ არ ექნებოდა წაკითხული, მაინც არ მეგონა. საბავშვო სახარებები იყიდება, სულ რამდენიმე გვერდია და ფერად ფურცლებზეა ნაბეჭდი, ადვილი წასაკითხია უწიგნური კაცისთვისაც, თუნდაც მას მაინც რომ გადახედოს, აუცილებლად ნახავს რა იგულისხმება "მოკვეთაში" და რომ ღმერთი შიმშილობაში მყოფი ადამიანის საპყრობილეში ამოწყვეტით არ ხარობს.

თუმცა სახარება რა მოსატანია მეუფე შიოსთვის, იქიდან არ დავიწყებ ციტატების ძებნას, როცა საქართველოში გვყავს თეოლოგიის დოქტორი, მეუფე შიო მუჯირი და მისი ძველი ქადაგების სიტყვებს მოვიყვან - ” თუკი არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე- აზრი არ აქვს”, ''მიუტევებელი წყენა, როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულს და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს“, (18.02.2018)

"სულიწმინდა ვეღარ მოვა შენთან, თუ შენ არ პატიობ შენს მოყვასს, თუ გულში გაქვს მიუტევებელი წყენა, მრისხანება" (01.03.2020)"- წერს მამა ლეონი და აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსთა არცერთ პოზიციას არ ემხრობა. 

მამა ლეონი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და იმ სასამართლოს პირობებში, რომელსაც ნდობა საერთოდ არ აქვს აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

მას მერე რაც რამდენიმე ეპისკოპოსმა სააკაშვილის გათავისუფლება ითხოვა და შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, მოსაყდრემ ქადაგებისას სასჯელის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

"დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან".- თქვა მან. 


13 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელმაც დაწესებულების დატოვების შემდეგ მხარეებს "შერიგებისკენ" მოუწოდა. 

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც. 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-18 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები