"ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ"- ამის შესახებ პატრიარქის მოსაყრდემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას თქვა. მას მერე რაც რამდენიმე ეპისკოპოსმა სააკაშვილის გათავისუფლება ითხოვა და შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, მოსაყდრემ ქადაგებისას სასჯელის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
"დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან".- ამბობს მიტროპოლიტი შიო.
13 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელმაც დაწესებულების დატოვების შემდეგ მხარეებს "შერიგებისკენ" მოუწოდა.
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-15 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.