მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე ნიკოლოზი: ვთხოვე სააკაშვილს, უთხრას მომხრეებს, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რუსთავის ციხე უკვე დატოვა. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და "შერიგებისკენ" მოუწოდა.

"გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა, დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის, შევწყვიტოთ სიძულვილის ენა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი და მე ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე". - ამბობს მეუფე.

11 ოქტომბერს მეუფე ნიკოლოზმა ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციასაც და აღნიშნა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლება არ უნდა დააკავოს და ეს ქვეყნის განვითარებისთვის სწორი გზაა.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომპოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც – მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ – "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები