ავღანეთი

აშშ: შეფასდება არა მხოლოდ თალიბანის სიტყვები, არამედ მათ მოქმედებებიც

ნედ პრაისი

9-10 ოქტომბერს აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის ავაღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ პირველი შეხვედრები გაიმართა. აშშ-სა სახელმწიფო დეპარტამენტის ნედ პრაისის თქმით, შეხვედრის მთავარი საკითხები უშიშროება, ტერორიზმი, ავღანეთიდან აშშ-სა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მშვიდობიანი გასვლა, ადამიანის უფლებები და ქალთა საზოგადოებრივი ჩართულობა იყო.

"საუბარი იყო პირდაპირი და პროფესიონალური. აშშ-ს დელეგაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეფასედება თალიბანის არა მხოლოდ სიტყვები არამედ მოქმედებაც" – თქვა ნედ პრაისმა.

პრაისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-ს მხრიდან ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი.

Al Jazeera-ს თანახმად, თალივანის მიერ ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულმა ამირ ხან მუთაკიმ ამერიკულ მხარეს ცენტრალური ბანკის რეზერვებზე დადებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. მუთაკის თქმით, აშშ-ს ავღანეთს კორონავირუსების ვაქცინებს მიაწოდებს და ორმა მხარემ ქვეყნებს შორის ურთიერთობების "ახალი გვერდიდან დაწყების" შესაძლებლობა განიხილეს.

9 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, რომ თალიბანთან დიალოგის დაწყება ჯგუფის აღიარებას არ ნიშნავს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები