ავღანეთი

ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ აშშ-სა და თალიბანს შორის პირველი მოლაპარაკებები შედგა

თალიბანის დროშები ქაბულში
REUTERS

9 ოქტომბერს ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების გაყვანის შემდეგ აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა კატარში გაიმართა. 

ვაშინგტონის წარმომადგენლების თანახმად, შეხვედრის მთავარი საკითხები ექსტრემისტული ჯგუფების შეკავება, აშშ-ს მოქალაქეების ევაკუაცია და ჰუმანიტარული დახმარებაა. აშშ აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა თალიბანის აღიარებას არ ნიშნავს. 

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ქალაქ კუნდუზში, შიიტურ მეჩეთში ლოცვის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტს 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ეს 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ ავღანეთში ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტი იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

კატარში შეხვედრის შემდეგ თალიბანის მიერ დანიშნულმა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მუთაკის თქმით, მხარეები 2020 წელს დოჰაში ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებაზე შეთანხმდნენ. 2020 წლის შეთანხმება თალიბანს ავალდებულებს ექსტრემისტული ჯგუფების შეკავებას, რათა მათ საფრთხე არ შეუქმნან აშშ-სა და მის მოკავშირეებს.

მუთაქის თქმით, აშშ-ს წარმომადგენლები თალიბანს დაპირდნენ Covid-19-ის ვაქცინების და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თანახმად, ვაშინგტონი შეხვედრაზე ქალების უფლებების, ინკლუზიური მთავრობის და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის მუშაობის საშუალების მიცემის საკითხებს წამოწევდა. შეხვედრები კვირას, 10 ოქტომბერსაც გაგრძელდება. 

ჟურნალისტებთან საუბრისას ამირ ხან მუთაკიმ აღნიშნა, რომ თალიბანს საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა არ უნდა, რომ ვინმე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩაერიოს.

ამერიკული მხარის თანახმად, შეხვედრები ეროვნული ინტერესების საკითხების ფარგლებში თალიბანთან ჩართულობის გაგრძელებაა და ჯგუფს ლეგიტიმაციას და აღიარებას არ აძლევს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები