ავღანეთი

ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ ქაბულში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო

მეჩეთი, რომელშიც 4 ოქტომბერს აფეთქება მოხდა
Reuters

4 ოქტომბერს ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) 3 ოქტომბერს ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ინფორმაციას დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტო Amaq-ი Telegram-ზე ავრცელებს.

აფეთქების გამო რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც აფეთქება მოხდა, მეჩეთში მიმდინარეობდა თალიბანის ერთ-ერთი ოფიციალური პირის (სავარაუდოდ სპიკერის, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდის) ახალგარდაცვლილი დედის სულის მოხსენიების ლოცვები.

დღეს, 4 ოქტომბერს თალიბანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თალიბებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ქაბულის ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს და ყველა მათგანი მოკლეს. ISIS-ის წინააღმდეგ თალიბანის ოპერაციის ჩატარების დროს ე.წ ისლამურ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჯერ აღებული არ ჰქონდა.

3 ოქტომბერს მეჩეთში მომხდარი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში პირველი აფეთქება იყო, 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. 26 აგვისტოს შემთხვევას 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები