საკრებულოსთან, სადაც თავდაპირველად აქციების აქტიური მონაწილე თორნიკე თოშხუა ბანერის გამო დააკავეს, პოლიციამ კიდევ 10 პირი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.
პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს." - წერია უწყების განცხადებაში.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მათ დაკავებას წინ უძღოდა შეძახილები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით. აქციის მონაწილეებს თორნიკე თოშხუას მხარდასაჭერად ბანერები ეკავათ ხელში.
შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე თოშხუას ბანერი ეჭირა წარწერით - "ბიძინა ყ*ლეა? კი - არა"
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.




