ავღანეთი

თალიბანის მთავრობაში ქალებს მხოლოდ საპირფარეშოების დალაგების უფლება მიეცათ

თალიბები და ავღანელი დემონსტრანტები

ავღანეთში დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, ქაბულის მთავრობასა და საჯარო სექტორში დასაქმებული ქალებიდან მუშაობის გაგრძელების უფლება მხოლოდ საპირფარეშოების დამლაგებლებს მიეცათ, რადგან ეს ერთადერთი საქმეა, რომლის გაკეთებაც თალიბ კაცებს არ სურთ. 

"ავღანეთის ისლამურმა საამირომ გადაწყვიტა, რომ ქალებს მუშაობა შეეწყვიტათ. მხოლოდ მათ შეეძლებათ მუშაობის გაგრძელება, რომელთა საქმიანობაც აუცილებელია. ვგულისხმობ იმ სახის სამუშაოებს, რომელთა შესრულება კაცებს არ შეუძლიათ, ან არ შეეფერება მათ, მაგალითად: საზოგადოებრივი საპირფარეშოების დალაგება". – თქვა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰამდულა ნოჰმანიმ. 

CNN-ის ინფორმაციით, ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლამდე ავღანეთის მთავრობასა და საჯარო სექტორში ასობით ქალი იყო დასაქმებული, რომლებიც მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზეც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში თალიბანი პირობას იძლეოდა, რომ ავღანეთის ახალ მთავრობაში ქალებიც დასაქმდებოდნენ და "გარკვეულ როლს" შეასრულებდნენ. როგორც ჩანს, თალიბები საპირფარეშოების დალაგებას გულისხმობდნენ.


თალიბანის წინა მმართველობის დროს, 1996-2001 წლებში ქალებს აკრძალული ჰქონდათ: განათლების მიღება, მუშაობა და სპორტში მონაწილეობა. 

ავღანეთის განათლების მინისტრის, აბდულ ბაქი ჰაქანის თქმით, ქალებს სწავლის უფლება და უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ, თუმცა მხოლოდ სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილ სასწავლებლებში, კაცებისგან განცალკევებით. 

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გოგონებმა და ბიჭებმა ერთად ისწავლონ". – თქვა ჰაქინმა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების მიღების მსურველ ქალებს ჰიჯაბის ტარება და თალიბანის მიერ შედგენილი სილაბუსით სწავლა მოუწევთ, რომელიც, მინისტრის განმარტებით, სრულ თანხვედრაშია ისლამურ ღირებულებებთან. 

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანელ ქალებს სპორტულ აქტივობებში მონაწილეობაც აეკრძალათ. თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, ქვეყანა ასამდე ქალმა სპორტსმენმა დატოვა. 

ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლას და ქალთა უფლებების შეზღუდვას რამდენიმე კვირაა მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებს. აქციების დასაშლელად და დემონსტრანტთა დასაშინებლად თალიბები სხვადასხვა ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღსაც


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

 

კომენტარები