ავღანეთი

ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისა და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა

ავღანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი ბიჭი მოსწავლეებისთვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა. დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც მათ სკოლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, გოგო მოსწავლეები და ქალი მასწავლებლები ნახსენები არ არიან.

"ყველა კაცმა მასწავლებელმა და მოსწავლემ უნდა იაროს თავის საგანმანათლებლო დაწესებულებაში" - ნათქვამია განცხადებაში. 

საშუალო სკოლებში 13-18 წლის მოზარდები ესწრებიან. სკოლების უმეტესობა სეგრეგირებულია, რაც თალიბანისთვის გოგოების სკოლების დახურვას ამარტივებს.

სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების შეფასებით, მომავალი დამაიმედებელი არ არის.

"ყველაფერი ჩაბნელდა. ყოველდღე ვიღვიძებ და საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ ვარ ცოცხალი? სახლში უნდა დავრჩე და დაველოდო, ვინმე როდის დააკაკუნებს კარზე და ცოლობას მთხოვს? ეს არის ქალის დანიშნულება?" - უყვება სკოლის მოსწავლე გოგო BBC-ის.

მამამისი აღნიშნავს, რომ დედამისს, რომელსაც განათლება არ ჰქონდა მიღებული, ქმარი მუდმივად ამცირებდა და არ სურდა, მისი ქალიშვილს ბებიის ბედი გაეზიარებინა.

"ექიმობა მინდოდა. ახლა ეს ოცნება გაქრა. არ მგონია, რომ სკოლაში დაბრუნების უფლებას მოგვცემენ. სკოლები რომც გახსნან, არ უნდათ, რომ ქალებმა განათლება მიიღონ" - ამბობს BBC-სთან საუბარში კიდევ ერთი გოგონა.

მიმდინარე კვირაში თალიბანმა გამოაცხადა, რომ ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება ექნებათ, თუმცა ლექციების კაცებთან ერთად ვერ დაესწრებიან და ჩაცმულობის ახალი წესების დაკმაყოფილება მოუწევთ. სავარაუდოა, რომ ახალი წესები ქალებს უმაღლესი განათლების მიღებაში ხელს შეუშლის, რადგან უნივერსიტეტებს უმეტესობას არ აქვს რესურსი, ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე დანიშნოს მეცადინეობები.

ასევე ავღანეთში თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო ღირსების და მანკიერების სამინისტროთი ჩაანაცვლა. ეს უწყება წარსულში მკაცრი რელიგიური დოქტრინების გატარებას უძღვებოდა.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

 

კომენტარები