ავღანეთი

თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო სათნოების და ცოდვის სამინისტროთი ჩაანაცვლა

Getty Images

ავღანეთში თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო სათნოების და ცოდვის სამინისტროთი ჩაანაცვლა. ეს უწყება წარსულში მკაცრი რელიგიური დოქტრინების გატარებას უძღვებოდა.

17 სექტემბერს ქალების საქმეთა სამინისტროს შენობიდან შესაბამისი აბრა ჩამოხსნეს და ის სათნოების და ცოდვის სამინისტროს აბრით ჩაანაცვლეს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შენობის გარეთ ქალთა სამინისტროს თანამშრომლები თალიბანისგან სამსახურში დაბრუნების უფლებას ითხოვდნენ.

ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფები სათნოების და ცოდვის სამინისტროს დისიდენტების ხმის ჩახშობის, მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ქალებისა და გოგოებისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის და საზოგადოებაში შიშისა და უნდობლობის გავრცელებისთვის აქტიურად აკრიტიკებდნენ. 

თალიბანის წარმომადგენლების თქმით, ამ უწყების არსებობდა მნიშვნელოვანია.

"მთავარი მიზანი ისლამის სამსახურში ყოფნაა. შესაბამისად სავალდებულოა, რომ სათნოების და ცოდვის სამინისტრო არსებობდეს" - თქვა თალიბანის წევრმა მუჰამედ იუსუფმა.

სამინისტროს სრული სახელწოდება სათნოების გავრცელების და ცოდვის აღმოფხვრის სამინისტროა. ის ძალაუფლებაში თალიბანის პირველად მოსვლამდეც არსებობდა, თუმცა 1996-2001 წლებში თალიბანის მმართველობის პერიოდში სამინისტროს უფლებამოსილება გაფართოვდა.

სამინისტრო ე.წ მორალის პოლიციის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ისლამური რელიგიური კანონების, შარიათის თალიბანისეული, მკაცრი ინტერპრეტაციის აღსრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. წესებს დარღვევა მკაცრად ისჯებოდა - გაროზგვა, ცემა, ამპუტაცია, საჯაროდ სიკვდილით დასჯა. 

თალიბანის წევრების თანახმად, რომლებიც The Washington Post-ს ესაუბრნენ, ისინი არ ელიან, რომ ჯგუფი ისეთივე ძალადობრივ მეთოდების გამოყენებას დაიწყებს როგორ წარსულში.

სათნოების და ცოდვის სამინისტრო 2001 წელს ავღანეთში აშშ-ს ძალების შეჭრის შემდეგ გაუქმდა. თუმცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ რამდენიმე წლის შემდეგ, 2006-ში მსგავსი, მაგრამ ნაკლები ძალაუფლების დეპარტემენტი ჩამოაყალიბა. მაშინ Human Rights Watch-მა უწყებას "შერჩევითი ძალადობის კარგად ცნობილი სიმბოლო" უწოდა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები