ავღანეთი

BBC: თალიბანის წევრები პრეზიდენტის სასახლეში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

მოლა აბდულ ღანი ბარადარი (მარცხნივ) და ხალილ ურ-რაჰმან ჰაკანი (მარჯვნივ)

BBC-ის ცნობით, ქაბულში, შენობაში, რომელიც პრეზიდენტის სასახლე იყო, თალიბანის წარმომადგენლები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ახალი მთავრობის შედგენას უკავშირდებოდა. 

უთანხმოება დაიწყო დაჯგუფების თანადამაარსებელ მოლა აბდულ ღანი ბარადარსა და მინისტრთა კაბინეტის წევრს შორის. გასულ დღეებში, მას შემდეგ, რაც მოლა ბარადარი სახალხოდ არ ჩანდა, არსებობდა დაუდასტურებელი ინფორმაცია ჯგუფის შიდა დაპირისპირების შესახებ. ვარაუდობდნენ, რომ მოლა ბარადარი მოკლეს, თუმცა ეს შემდეგში არ დადასტურდა. 

BBC-ის თალიბანის წყარომ უთხრა, რომ უთანხმოება ავღანეთის ისლამური საამიროს მმართველის მოადგილეს, მოლა ბარადარსა და ლტოლვილთა მინისტრს, ხალილ ურ-რაჰმან ჰაკანის შორის მოხდა. მათ შელაპარაკება მოუვიდათ, მათი მხარდამჭერები კი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხალილ ჰაკანი ჰაკანის ქსელის გავლენიანი წევრია.

გასულ კვირაში მომხდარი დაპირისპირება დაადასტურა კატარში მყოფმა მაღალი რანკის თალიბმაც. 

BBC-ის წყაროების მიხედვით, პრემიერმინისტრის მოადგილე, მოლა ბარადარი უკმაყოფილო იყო მათი დროებითი მთავრობის სტრუქტურით. უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ ვინ იყო თალიბანის გამარჯვებაში მთავარი წვლილის შემტანი. 

ცნობების მიხედვით, მოლა ბარადარი თვლის, რომ აქცენტი მის და მის მსგავს დიპლომატებზე უნდა გაკეთდეს, საპირისპიროდ კი, ჰაკანის ქსელის წევრები თვლიან, რომ წარმატებას ბრძოლით მიაღწიეს.

მოლა ბარადარი იყო თალიბანის პირველი წარმომადგენელი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს ტელეფონზე პირდაპირ ესაუბრა. 2020 წელს მასსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მან აქამდე ხელი მოაწერა დოჰას შეთანხმებას, რომელიც თალიბანსა და აშშ-ს შორის გაფორმდა და ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანას ეხებოდა. 

რაც შეეხება ჰაკანის ქსელს, ის კავშირშია ავღანეთში მომხდარ სისხლისმღვრელ ტერაქტებთან. აშშ-ს ის ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული. ჯგუფის ლიდერია სირაჯუდდინ ჰაკანი, რომელსაც აქვს კავშირები ალ-კაიდასთან და FBI-ის ძებნილთა სიაშია. სირაჯუდდინ ჰაკანი დღეს ავღანეთის ისლამური საამიროს შინაგან საქმეთა მინისტრია. 


თალიბანმა ავღანეთის ახალი მთავრობა დაადგინა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება.

ის დაჯგუფების დამაარსებლის, მოლა ომარის ნაცნობი იყო. ამას გარდა 1996-2001 წლებში, როდესაც ავღანეთს თალიბანის მთავრობა აკონტროლებდა, ის ჯერ  საგარეო საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერმინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ამას გარდა, ის უძღვებოდა დაჯგუფების რეჰბარი შურას – დაჯგუფების გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს. 

ხმები, იმის შესახებ, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას მოლა აბდულ ღანი ბარადარი გაუძღვებოდა, ბოლომდე არ გამართლდა, თუმცა ის დაინიშნა მოლა ჰასან ახუნდის მოადგილედ. 

შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა სირაჯუდდინ ჰაკანი, ჰაკანის ქსელის მეთაური, რომელიც აშშ-ს FBI-ის ძებნილთა სიაშია. მას კავშირი აქვს ტერორისტულ დაჯგუფება ალ-კადიასთან.

თალიბანის დამაარსებლის, მოლა ომარის შვილი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 

იუსტიციის მინისტრის პოზიცია დაიკავა აბდულ ჰაკიმ ჰაკანიმ (იშიკზაი), რომელიც 2020 წელს თალიბანის მოლაპარაკებების ჯგუფის მეთაურად იყო დანიშნული და ჰაიბათულაჰ ახუნდზადას ერთ-ერთ უახლოეს და სანდო პირად ითვლება.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები